კონფიდენციალურობის პოლიტიკა
როგორ მუშავდება პერსონალური მონაცემები BeFrie-ში: რა სამართლებრივი საფუძვლით, რა ვადით და რა უფლებებით სარგებლობთ.
განახლებულია 23 ოქტომბერი, 2026
1. ზოგადი დებულებები
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომ − პოლიტიკა) განსაზღვრავს, როგორ მუშავდება პერსონალური მონაცემები მობილური აპლიკაციის BeFrie და ვებგვერდის befrie.app (შემდგომ ერთად − BeFrie) გამოყენებისას. პოლიტიკა შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ − კანონი) შესაბამისად. ტერმინები „პერსონალური მონაცემი“, „მონაცემთა დამუშავება“, „დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“, „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“, „მონაცემთა სუბიექტი“ და „თანხმობა“ გამოიყენება კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
BeFrie განკუთვნილია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ.
2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია Elene Malakmadze, ფიზიკური პირი საქართველოში (შემდგომ − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, „ჩვენ“), რომელიც განსაზღვრავს ამ პოლიტიკით აღწერილი მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები და შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@befrie.app.
3. მონაცემები, რომლებსაც ვამუშავებთ
ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს:
- ანგარიშის მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ავტორიზაციის ხერხი (Apple, Google ან ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი კოდი);
- პროფილის მონაცემები: სახელი, დაბადების თარიღი, თქვენ შესახებ ტექსტი, პროფილის ფოტო და, თუ მიუთითებთ, არეალი;
- BeFrie-ის გამოყენების მონაცემები: შეკრებები (BeFrie-ის მეშვეობით დაგეგმილი შეხვედრები), რომლებსაც აწყობთ ან რომლებშიც მონაწილეობთ, მათში მონაწილეობის მოთხოვნები, აგრეთვე შეტყობინებები, ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც შეკრების ჩატში და სხვა მონაწილეებთან პირად ჩატში აგზავნით;
- მდებარეობის მონაცემები: როცა შეკრებისთვის ცოცხალი მდებარეობის გაზიარებას აირჩევთ, გაზიარების განმავლობაში − თქვენი მოწყობილობის ბოლო მდებარეობა და მისი სიზუსტე;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები: თქვენ მიერ გაგზავნილი და თქვენ მიმართ გაგზავნილი საჩივრები (შემდგომ − რეპორტი), თქვენ მიერ დაბლოკილი მომხმარებლები და ანგარიშის მიმართ გამოყენებული მოდერაციის ზომები;
- ვინაობის დადასტურების მონაცემები: დადასტურების ფაქტი და თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან წაკითხული დაბადების თარიღი, თქვენი პირადი ნომრიდან მიღებული შეუქცევადი კოდი, ინფორმაცია იმის შესახებ, დაემთხვა თუ არა პროფილის ფოტო თქვენს სახეს, და გასაღები, რომელიც აპლიკაციას თქვენს მოწყობილობაზე ამოიცნობს. რა ინახება და რა არა, ზუსტად არის ჩამოთვლილი ვინაობის დადასტურების შეტყობინებაში;
- ტექნიკური მონაცემები: შეტყობინებების პარამეტრები და, თუ შეტყობინებებს ჩართავთ, თქვენი მოწყობილობის push-ტოკენი.
4. მონაცემთა დამუშავების მიზნები
პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებით:
- თქვენი ანგარიშისა და პროფილის შექმნა და წარმოება;
- თქვენთვის ახლომდებარე შეკრებების ჩვენება, შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- შეკრების ჩატისა და მის მონაწილეებს შორის პირადი ჩატების უზრუნველყოფა;
- იმ პირთა ვინაობისა და ასაკის დადასტურება, რომლებიც შეკრებას აწყობენ ან მასში მონაწილეობენ;
- მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვა, რეპორტების განხილვა და მომსახურების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება;
- იმ შეტყობინებების გაგზავნა, რომელთა მიღებაც ჩართული გაქვთ;
- მომსახურების უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული შემდეგი საფუძვლებით:
- თქვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი): ანგარიშის, პროფილის, შეკრებების, ჩატებისა და შეტყობინებების მონაცემები აუცილებელია იმისათვის, რომ მომსახურების პირობების შესაბამისად გაგიწიოთ BeFrie-ის მომსახურება;
- თქვენი წერილობითი თანხმობა (კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლი): ვინაობის დადასტურება მოიცავს ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებას, რომელიც ხორციელდება თქვენს მოწყობილობაზე და მხოლოდ იმ თანხმობის საფუძველზე, რომელსაც შემოწმების დაწყებამდე აპლიკაციაში ელექტრონულად აცხადებთ. ეს დამუშავება ემსახურება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის საქმიანობის განხორციელებისა და იმ პირთა უსაფრთხოების მიზნებს, რომლებიც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან;
- თქვენი თანხმობა (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი): აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის მდებარეობას იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის ნებართვას iOS-ის პარამეტრებში გასცემთ, ხოლო შეკრების მონაწილეებს მას მხოლოდ მაშინ უზიარებს, როცა ცოცხალი მდებარეობის გაზიარებას თავად აირჩევთ;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და მესამე პირების მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესები (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი): რეპორტები, მომხმარებელთა დაბლოკვა, მოდერაცია, გამოყენების ლიმიტები და უსაფრთხოების ჟურნალები მუშავდება მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად და მომსახურების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად;
- საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), როდესაც ასეთი მოვალეობები არსებობს.
ანგარიშისა და პროფილის მონაცემების მიწოდება გარიგების დადების აუცილებელი პირობაა: მათ გარეშე ანგარიშის შექმნა შეუძლებელია. ვინაობის დადასტურებაზე უარის თქმა შეგიძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში შეკრებას ვერ მოაწყობთ და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
6. ვინაობის დადასტურება
შეკრების მოწყობამდე ან მასში მონაწილეობამდე ვინაობის დადასტურება სავალდებულოა. BeFrie მას თავად ახორციელებს, ვინაობის დადასტურების მომსახურების მიმწოდებლის გარეშე. თქვენი მოწყობილობა კითხულობს საქართველოს პასპორტის ან პირადობის მოწმობის ჩიპს, ადგენს, რომ კამერის წინ რეალური ადამიანია, და თქვენს სახეს ადარებს ჩიპში ჩაწერილ ფოტოსურათსა და თქვენი პროფილის ფოტოს. კამერის გამოსახულება, ჩიპის ფოტოსურათი და სახის გაზომვის შედეგები თქვენს მოწყობილობაზე რჩება და შემოწმების დასრულებისთანავე იშლება.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სერვერი იღებს ჩიპის ტექსტურ მონაცემებსა და სახელმწიფოს ელექტრონულ ხელმოწერას, ამოწმებს ხელმოწერას, დოკუმენტის მოქმედების ვადასა და თქვენს ასაკს და შემდეგ შლის მათ. ინახება მხოლოდ დადასტურების ფაქტი, თქვენი დაბადების თარიღი, ინფორმაცია იმის შესახებ, დაემთხვა თუ არა პროფილის ფოტო, და თქვენი პირადი ნომრიდან მიღებული შეუქცევადი კოდი. დეტალები მოცემულია ვინაობის დადასტურების შეტყობინებაში.
7. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება
ვინაობის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ავტომატიზებულად: თქვენი მოწყობილობა ადგენს, ემთხვევა თუ არა სახეები, ხოლო დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სერვერი − არის თუ არა დოკუმენტი ნამდვილი და მოქმედი და შეგისრულდათ თუ არა 18 წელი. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება თქვენს თანხმობას და აუცილებელია თქვენთან გარიგების დასადებად და შესასრულებლად.
თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთვება ადამიანი: შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება და გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტის მისამართზე support@befrie.app მოწერით.
8. კონტენტი და უსაფრთხოების რეპორტები
პროფილის ფოტოები, შეტყობინებები, ჩატებში გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები ინახება მომსახურების გასაწევად და, საჭიროების შემთხვევაში, მოწმდება უსაფრთხოების მიზნით.
რეპორტის გაგზავნისას უცვლელად ვინახავთ მასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს: რეპორტის ავტორისა და იმ პირის პროფილებს, რომლის მიმართაც რეპორტი გაიგზავნა, აგრეთვე, რეპორტის საგნის მიხედვით, შეკრების მონაცემებს, შესაბამის შეტყობინებას და იმავე ჩატის ბოლო ან მომიჯნავე შეტყობინებებს. ეს იძლევა რეპორტის განხილვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ კონტენტი მოგვიანებით შეიცვალა ან წაიშალა. რეპორტებს განიხილავენ ადამიანები და არა ხელოვნური ინტელექტის სერვისი.
9. მდებარეობა
აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის მდებარეობას იყენებს მხოლოდ თქვენი ნებართვით, ახლომდებარე შეკრებების საჩვენებლად. BeFrie ამ მდებარეობას არ ინახავს, გარდა იმ დროისა, როცა ცოცხალ მდებარეობას აზიარებთ, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი.
ცოცხალი მდებარეობა. შეკრების დაწყებამდე ორი საათით ადრე და დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში შეკრების მონაწილეს შეუძლია, ერთ ჯერზე მაქსიმუმ 30 წუთით, შეკრებას თავისი ცოცხალი მდებარეობა გაუზიაროს. გაზიარება მხოლოდ თქვენი არჩევანით იწყება და გრძელდება მაშინაც, როცა აპლიკაცია ფონურ რეჟიმშია, სანამ 30 წუთი არ ამოიწურება ან სანამ მას თავად არ შეწყვეტთ; გაზიარება ასევე წყდება, როცა შეკრებას ტოვებთ. გაზიარების განმავლობაში თქვენს მდებარეობას, თქვენს სახელსა და პროფილის ფოტოსთან ერთად, რუკაზე ხედავენ ამ შეკრების მასპინძელი და მონაწილეები და სხვა არავინ. ინახება მხოლოდ თქვენი ბოლო მდებარეობა და მისი სიზუსტე, რომლებიც გაზიარების დასრულებისთანავე იშლება.
თითოეული შეკრებისთვის ინახება მასპინძლის მიერ მითითებული შეხვედრის ზუსტი ადგილი და, თუ დამატებულია, ადგილის დასახელება ან მისამართი. მათ ხედავენ მხოლოდ მასპინძელი და შეკრების მონაწილეები; სხვა მომხმარებლები ხედავენ მხოლოდ არეალს და მიახლოებით მდებარეობას, ზუსტი ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრის ფარგლებში.
რუკებისთვის, ადგილების ძიებისთვის და შეხვედრის ადგილის არეალის დასადგენად აპლიკაცია იყენებს Apple Maps-ს, რის გამოც შესაბამისი მდებარეობები და საძიებო სიტყვები გადაეცემა Apple-ს.
10. მონაცემთა მიმღებები
BeFrie-ის სხვა მომხმარებლები ხედავენ თქვენს სახელს, ასაკს, პროფილის ფოტოსა და თქვენ შესახებ ტექსტს; იმ შეკრების მონაწილეები, რომელშიც მონაწილეობთ, ხედავენ აგრეთვე შეკრების ჩატში თქვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს და, როცა მას აზიარებთ, თქვენს ცოცხალ მდებარეობას.
შეკრების ბმული. შეკრების გაზიარება ბმულით შეიძლება. ბმულის გამხსნელი ნებისმიერი პირი, მათ შორის ის, ვინც BeFrie-ს არ იყენებს, ხედავს შეკრების სათაურს, უბანს, დროს, აქტივობასა და მონაწილეთა რაოდენობას, მაგრამ ვერ ხედავს, ვინ მონაწილეობს, შეხვედრის ზუსტ ადგილსა და ჩატს. ორგანიზატორს ნებისმიერ დროს შეუძლია შეკრების ბმულის შეცვლა, რის შემდეგაც ძველი ბმული აღარ მუშაობს.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი სარგებლობს შემდეგი მომსახურების მიმწოდებლებით, რომლებსაც პერსონალური მონაცემები გადაეცემა მათი მომსახურებისთვის აუცილებელი მოცულობით:
- Supabase − მონაცემთა ბაზის, ფაილების საცავისა და სერვერული ფუნქციების ჰოსტინგი (ევროკავშირი, ირლანდია);
- Apple და Google − ავტორიზაცია;
- Apple − push-შეტყობინებების მიწოდება (შეტყობინებაში შეიძლება ჩანდეს ჩატის შეტყობინების მოკლე ფრაგმენტი), რუკები და ადგილების ძიება, აგრეთვე იმის დადასტურება, რომ ვინაობის შემოწმება ნამდვილი აპლიკაციიდან ხორციელდება (App Attest);
- Resend − ავტორიზაციის კოდების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა;
- Cloudflare − ვებგვერდის ჰოსტინგი.
ეს მიმწოდებლები მონაცემებს ამუშავებენ საკუთარი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პირობების შესაბამისად.
11. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა
Supabase BeFrie-ის მონაცემებს ინახავს ევროკავშირში (ირლანდიაში). ზოგიერთმა მიმღებმა, მათ შორის Apple-მა, Google-მა და Resend-მა, მონაცემები შეიძლება დაამუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა სახელმწიფოში. ვსარგებლობთ მხოლოდ იმ მიმწოდებლებით, რომლებიც მონაცემთა დამუშავების პირობებით კისრულობენ პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას.
12. მონაცემთა შენახვის ვადები
- ანგარიშისა და ჩატის მონაცემები ინახება ანგარიშის წაშლამდე;
- ცოცხალი მდებარეობა ინახება მხოლოდ მისი გაზიარების განმავლობაში: ბოლო მდებარეობა იშლება გაზიარების დასრულებისას, არაუგვიანეს 30 წუთისა;
- ვინაობის დადასტურების მონაცემები (დადასტურების ფაქტი, დაბადების თარიღი და შეუქცევადი კოდი) ინახება ანგარიშის არსებობის განმავლობაში;
- ანგარიშის წაშლისას იშლება თქვენი პროფილი, პროფილის ფოტო, შეტყობინებები, თქვენ მიერ გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, თქვენ მიერ მოწყობილი შეკრებები და ვინაობის დადასტურების ჩანაწერი. თუ წაშლის მომენტში ანგარიში უსაფრთხოების მიზეზით შეჩერებულია, შეუქცევადი კოდი ინახება შეჩერების დასრულებამდე, ხოლო თუ შეჩერება უვადოა − ორი წლის განმავლობაში;
- პროფილის ფოტო, რომელიც დადასტურებული არ არის, სხვა მომხმარებლებისთვის დაფარულია და იშლება მისი შეცვლისას ან ანგარიშის წაშლისას;
- რეპორტები და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებები შეიძლება ინახებოდეს ანგარიშის წაშლის შემდეგაც, იმ ვადით, რომელიც აუცილებელია BeFrie-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- ჰოსტინგის მიმწოდებლის სერვისის ჟურნალები ინახება არაუმეტეს 90 დღისა. წაშლილი მონაცემები დაშიფრულ სარეზერვო ასლებში შეიძლება დარჩეს 30 დღემდე.
13. მონაცემთა უსაფრთხოება
ვიღებთ მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს. მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით, მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც BeFrie-ის მუშაობასა და მოდერაციას უზრუნველყოფენ, ხოლო ვინაობის დადასტურება ისეა მოწყობილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მონაცემი ინახებოდეს.
14. თქვენი უფლებები
კანონის III თავის შესაბამისად, უფლება გაქვთ:
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- გაეცნოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემებს და მიიღოთ მათი ასლი;
- მოითხოვოთ მონაცემთა გასწორება, განახლება და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა წაშლა ან განადგურება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა;
- მიიღოთ თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით ან მოითხოვოთ მათი გადაცემა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის;
- არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებას და მოითხოვოთ მის მიღებაში ადამიანის ჩართვა;
- ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოიხმოთ თანხმობა.
ამ უფლებებით სარგებლობისთვის მოგვწერეთ: support@befrie.app. პასუხს გაგცემთ კანონით დადგენილ ვადაში, როგორც წესი − 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ვინაობის დადასტურებაზე თანხმობის გამოხმობა გავლენას არ ახდენს უკვე ჩატარებულ შემოწმებებზე, თუმცა დადასტურების გარეშე შეკრებას ვერ მოაწყობთ და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებთ. ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ აპლიკაციაში (პროფილი → უსაფრთხოება, წესები და ანგარიში → ანგარიშის წაშლა) ან support@befrie.app-ზე მოწერით.
15. გასაჩივრების უფლება
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კანონის დარღვევით მუშავდება, უფლება გაქვთ, მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ზედამხედველობას ახორციელებს (sao.ge), ან სასამართლოს.
16. პოლიტიკის ცვლილება და საკონტაქტო ინფორმაცია
პოლიტიკაში შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები. მოქმედი რედაქცია და მისი ბოლო განახლების თარიღი ქვეყნდება ამ გვერდზე.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული შეკითხვებისა და მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ: support@befrie.app.