BeFrie English

მომსახურების პირობები

პირობები, რომელთა შესაბამისადაც ხორციელდება BeFrie-ის მომსახურება და მისი გამოყენება.

განახლებულია 12 ოქტომბერი, 2026

1. ზოგადი დებულებები

ეს მომსახურების პირობები (შემდგომ − პირობები) აწესრიგებს მობილური აპლიკაციის BeFrie და ვებგვერდის befrie.app (შემდგომ ერთად − BeFrie) გამოყენებას. BeFrie-ის მომსახურებას გიწევთ Elene Malakmadze, ფიზიკური პირი საქართველოში (შემდგომ − მომსახურების მიმწოდებელი, „ჩვენ“). საკონტაქტო მისამართი: support@befrie.app.

ანგარიშის შექმნით ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ პირობებსა და საზოგადოების წესებს და ეთანხმებით მათ. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

2. გამოყენების უფლება და დასაშვები გამოყენება

BeFrie-ით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ. შეკრების (BeFrie-ის მეშვეობით დაგეგმილი შეხვედრის) მოწყობამდე ან მასში მონაწილეობამდე სავალდებულოა ვინაობის დადასტურება. BeFrie-ის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თქვენს არეალში შეკრებების მოსაძებნად, მოსაწყობად, მათში მონაწილეობისთვის და მონაწილეებთან კომუნიკაციისთვის.

3. ანგარიში

თქვენ პასუხისმგებელი ხართ ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე და იმაზე, რომ თქვენს პროფილში მითითებული ინფორმაცია იყოს ზუსტი, კორექტული და შეცდომაში არ შეჰყავდეს სხვა პირები.

4. აკრძალული ქმედებები

აკრძალულია სხვა მომხმარებელთა შევიწროება, სპამის გაგზავნა, სხვისი სახელით მოქმედება, მომხმარებლებზე ზეწოლა გაცნობის ან რომანტიკული ურთიერთობის მიზნით, სახიფათო კონტენტის განთავსება, აგრეთვე BeFrie-ის გამოყენება თაღლითობის, უკანონო საქმიანობის ან კომერციული შეთავაზებებისთვის.

5. ნულოვანი ტოლერანტობა მიუღებელი კონტენტისა და შეურაცხმყოფელი ქცევის მიმართ

BeFrie-ში მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობა მიუღებელი კონტენტისა და შეურაცხმყოფელი მომხმარებლების მიმართ. ეს მოიცავს შევიწროებას, ბულინგს, სიძულვილის გამოხატვას, მუქარას, სექსუალური ან ძალადობრივი შინაარსის კონტენტს, თაღლითობას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც ადამიანებს საფრთხეს უქმნის. ასეთი კონტენტი იშლება, ხოლო მომხმარებლებს, რომლებიც მას ათავსებენ ან ასე იქცევიან, BeFrie-ით სარგებლობა ეკრძალებათ.

6. რეპორტი და დაბლოკვა

აპლიკაციაში შეგიძლიათ გაგზავნოთ საჩივარი (შემდგომ − რეპორტი) ნებისმიერი პროფილის, შეკრების ან შეტყობინების თაობაზე და ნებისმიერ დროს დაბლოკოთ ნებისმიერი მომხმარებელი. დაბლოკვისთანავე მისი შეტყობინებები, ფოტო და მის მიერ მოწყობილი შეკრებები თქვენთვის დაიფარება. თითოეულ რეპორტს განვიხილავთ 24 საათის განმავლობაში და ვრეაგირებთ მასზე: ვშლით დამრღვევ კონტენტს, ხოლო პასუხისმგებელ მომხმარებლებს BeFrie-ით სარგებლობას ვუკრძალავთ.

7. მოდერაცია

თუ საფრთხე ექმნება უსაფრთხოებას ან მომსახურების მთლიანობას, უფლება გვაქვს, წავშალოთ კონტენტი, შევზღუდოთ ან შევაჩეროთ ანგარიში და შევისწავლოთ რეპორტები.

8. ცვლილებები

BeFrie-ის ფუნქციები და ხელმისაწვდომობა მისი განვითარების კვალობაზე შეიძლება შეიცვალოს. მომსახურების ცვლილებისას შეიძლება შეიცვალოს ეს პირობებიც; მოქმედი რედაქცია და მისი ბოლო განახლების თარიღი ქვეყნდება ამ გვერდზე.